შეჯამება: მიესალმება რა კანონპროექტის ავტორთა განზრახვას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის განმაპირობებელი დებულებანი უფრო დაზუსტებული გაეხადათ, ეუთო/დიაუბი (OSCE/ODIHR) ასკვნის, რომ შესატანი ცვლილებები გარკვეულ გადახედვასა და შესწორებას საჭიროებს, რათა გაუმჯობესდეს დანიშვნის პროცესის ღიაობა და გამჭვირვალობა და უზრუნველყოფილიყოს საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდაციებთან მეტი შესაბამება.
იმის გათვალისწინებით, რომ ცვილებათა პროექტის მიხედვით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში ამჟამად თავისუფალ თანამდებობათა თითქმის ¾ უახლოეს თვეებში შეიძლება შეივსოს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მოსამართლეთა შერჩევის ნათელი და არაწინაამღდეგობრივი პროცედურის შემოღება, რომელიც ყველაზე კვალიფიციური და კომპეტენტური კანდიდატურების დანიშვნას უზრუნველყოფს. კანონპროექტის ავტორებმა, განსაკუთრებით, უნდა იზრუნონ შერჩევის ნათლად განსაზღვრული კრიტერიუმების გაწერაზე დანიშვნის პროცესის თითოეული ეტაპისათვის. ის მდგომარეობა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, კანდიდატები ფარული კენჭისყრით შეარჩიოს, ძირს უთხრის კანდიდატის ვარგისობაზე დაფუძნებულ შერჩევის სისტემას და უნდა ჩანაცვლდეს ისეთი პროცედურით, რომლის ფარგლებშიც კანდიდატურების წაყენება განპირობებული იქნება უმრავლესობით, და, ამავდროულად, შერჩევის ნათლად განსაზღვრულ კრიტერიუმებს დაეფუძნება. მეტიც, ცვლილებათა პროექტი განსაკუთრებით უნდა არეგულირებდეს ინტერესთა კონფლიქტის საკითხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების წაყენების ჭრილში. გარდა ამისა, წარუმატებელ კანდიდატებს შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლო ორგანოში გაასაჩივრონ.